![]() |
| ბატონი ჟანრი ლოლაშვილი ალბომის პრეზენტაციაზე |
მანანა ტურიაშვილი
თამამად შეიძლება დასვათ ეს კითხვა და მერწმუნეთ, პასუხის გაცემა
გაგიჭირდებათ, ვინაიდან ჟანრი ლოლაშვილი რჩეულთა შორის რჩეული მსახიობია და
მხატვართა შორის არაჩვეულებრივი. შარშან, ეროვნულ გალერეაში მისი დიდი გამოფენის
დათვალიერებისას, უჩვეულო სიმშვიდე გეუფლებოდათ, მხატვრის უზადო გემოვნება
გასაქანს არ გაძლევდათ, ტილოდან ტილოზე მზერა გადასულს გიპყრობდათ, სიხარულს განიჭებდათ
და ყოველდღიური ცხოვრების მრუმე ლაბირინთში გზას გიჩვენებდათ, თავისუფლებას
განიჭებდათ. და რა კარგია, რომ ჟანრი ლოლაშვილის ნახატების ალბომს მაგიდაზე დადებ,
გადაშლი და მის სამყაროში გაცურავ, დაფიქრდები, შეიძლება დასკვნაც გააკეთო და
კიდევ ერთხელ გაიფიქრო - რამდენი რამ შეუძლია ადამიანს, ესე იგი შენც შეძლებ.
„მინდა გაგაცნოთ ჩვენი თეატრის მსახიობი“ იხუმრა ბატონმა რობერტ
სტურუამ, თავისი რჩეული არტისტის - ჟანრი ლოლაშვილის ალბომის პრეზენტაციაზე და
გააგრძელა: ვიცოდით, რომ ჟანრი წერდა, მერე გავიგეთ, რომ
მუსიკასაც წერდა და ბოლოს მხატვრობა აირჩია. ბედნიერია ასეთი კაცი, ვისაც უხვად აქვს
ნიჭი და თავის მოღვაწეობას აგრძელებს. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ბატონი ჟანრის მეგობრების,
თაყვანისმცემლების, მაღალჩინოსანი სტუმრების გარემოცვაში მისი ალბომის პრეზენტაცია
შედგა, სადაც ბატონმა რობერტ სტურუამ ბრძანა: „მივულოცოთ ჟანრი ლოლაშვილს, ეს
ქუდები რეკვიზიტიდან წამოვიღეთ, ჩვენი ფორმაა...“
ჟანრი ლოლაშვილის და რობერტ
სტურუას ქუდები გენიალური და დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრის“ ერთ-ერთი
მთავარი მოქმედი გმირის - მთხრობელის ქუდს ჰგავდა, ვისი ტექსტიც ყველამ ზეპირად იცის: „ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს, თესავს!“ მთხრობელის ბრწყინვალე
შემსრულებელს, ჟანრი ლოლაშვილს კი მთელი თეატრალური სამყარო იცნობს. და იდგა
ბედნიერი რობერტ სტურუა, თავის რჩეულ მსახიობთან ერთად და ფიქრობდი - რა იშვიათად
ნახავ, ასეთ რაინდულ, დიდსულოვან ურთიერთობებს და ქართველი მოყვასის მრავალმხრივი
ნიჭის აღიარებას.
ჟანრი ლოლაშვილი: მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დღეს და
საერთოდ, არის დრო. დროის ჩუქება ცალმხრივი არ არის, ის ორმხრივია და ამიტომ
მიხარია თქვენი მობრძანება, ვინაიდან ღმერთის ნაბოძები, ამ ქვეყანაზე საცხოვრებელი
ისედაც მწირი დრო სხვას უშურველად უწილადეთ. თქვენი გულისხმიერება ფრიად
დასაფასებელია.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე:
ბატონებო და ქალბატონებო, ბატონმა ჟანრიმ დროზე ისაუბრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ
ყველაზე დიდი საჩუქარი და ჯილდო, ის საყოველთაო სიყვარული და პატივისცემაა, რასაც
ჩვენ, საზოგადოება ამჟღავნებს მის მიმართ. ნამდვილად ბედნიერია ბატონი ჟანრი,
იმიტომ რომ ამით გამოირჩევა. ძალიან მიხარია, რომ კულტურის სამინისტროს
მხარდაჭერით შარშან ჩატარდა მისი ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა და დღესაც ამ
ალბომის გამოცემაში, პრეზენტაციაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. და როგორც ბატონმა
რობიკომ თქვა: „ბატონი ჟანრი, ყველა ჟანრებში გამოირჩევა“ სულითა და გულით
გილოცავთ, ბატონო ჟანრი!
ჟანრი ლოლაშვილი: მინდა ყურადღებისთვის დიდი
მადლობა ვუთხრა კულტურის სამინისტროს, პირადად ბატონ მიშას. თბილისის მერიამ და
ბატონმა დავითმა დიდი პატივი დაგვდო და ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს და მინდა
ეს ხმამაღლა ვთქვა. გულიანი
ხალხი ხართ დღეს დაძახებული, ყველას ვერ გავწვდი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ჩემთვის
ნამდვილად დასაფასებელია თქვენი აქ ყოფნა, არაჩვეულებრივი სიხარულია.
საერთოდ,
კაცი უმადური არ უნდა იყოს, მადლობელი უნდა იყოს... ბოლოს და ბოლოს პატივს გცემენ,
გიცნობენ, აფასებენ შენ რაღაც ზრახვებს, იმედებს და ა. შ. აი, დავინახე ბატონი
დავით ლორთქიფანიძე, ანანო მელივა - ამ ორმა ადამიანმა შარშან არაჩვეულებრივი
გამოფენა მოაწყეს, ბატონი მიშას დახმარებით და ჩემი გულწრფელი მადლობა მათ. მინდა გითხრათ, რომ
გამოფენისთვის განზრახული იყო ორი ოთახი, ბატონმა დავითმა ჩამოხსნა ექსპონატები და
ოთხ ოთახში შემიშვა - აი, ასეთი რამ ჩაიდინა ბატონმა დავითმა! რაც მთავარია, მინდა
მადლობა ვუთხრა ამ პროექტის ხელმძღვანელს, ამ დიდებული საქმიანობის სასიცოცხლო
ძალას -
ია შერაზადიშვილს, და ეკა კიკნაძეს, რომელმაც ალბომის წინასიტყვაობა
კი არა, ფანტასტიკური შრომა გააკეთა. აი, დღეს აქ მხატვრები
არიან და მათ მივმართავ, რომ თუ ვინმეს გინდათ სლაიდები, მიდით მირიან კილაძესთან
- ის ამ საქმის გენიოსია.
მოკლედ, ვერ ვიტყვით - ყურადღებას არ მაქცევენ.
მაგალითად მე სულ ყურადღების ცენტრში ვარ, როგორც მეგობრებიდან, ისე ჩვენი ქალაქის
არაჩვეულებრივი მესვეურებიდან. ეს ალბომი არის შეკოწიწებული, იმიტომ რომ ზოგი
წაღებულია... ჰოდა, რაზე უნდა ვილაპარაკო? ეს მაინც შემოქმედებითი პროცესია და
ჩახედვა უნდა, შიგ და შიგ რა ხდება, რას ფიქრობს თქვენი მეგობარი ჟანრი, რა
ჟანრისკენ იხრება და ა. შ. მოკლედ, ამ
ასაკში ნამდვილად მიხარია, რომ დამაფასეთ და მობრძანდით... ღმერთმა იცის, კიდევ
რამდენ სიზმარს ვნახავ...
თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია: ძალიან
მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ის დიდი სიმდიდრე, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე
ქმნიდა ბატონი ჟანრი თითქმის ერთ ალბომშია მოცემული. რასაკვირველია, ყველაფერს ვერ
დაიტევდა, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იმუშაო დაუღალავად, დაუზოგავად,
დღე და ღამე - ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ბატონი ჟანრის დაუშრეტელ
ნიჭთან და ენერგიასთან გვაქვს საქმე. მთელი ცხოვრების მანძილზე, ის არა ერთი
მიმართულებით იღწვოდა, როგორც ხშირად იტყვიან მრავალი ჟანრით მუშაობდა და მუშაობს
დღემდე როგორც მსახიობი, როგორც მხატვარი და ხელოვანი ადამიანი. მან შექმნა ძალიან
ბევრი რამ, რითიც ვსაზრდოობთ.
სწორედ
ამიტომ, როცა ჩვენთან კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით წინადადება შემოვიდა
მხარი დავუჭირეთ, ვინაიდან ამ საქმეში პატარა წვლილი შეგვეტანა და ბუნებრივია, რომ
ეს ასე უნდა იყოს. ბატონო ჟანრი, გისურვებთ წარმატებას, მხნეობას, და გისურვებთ
კვლავაც იმავე ენერგიით, იმავე შემართებით გააგრძელოთ ის დიდი საქმე, რომელსაც
აკეთებთ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრი, ბატონი მიხეილ
გიორგაძე: ძვირფასო მეგობრებო, ბატონო ჟანრი დამდეგ შობა-ახალ
წელს გილოცავთ, მომავალ წელს წარმატებებს გისურვებთ!




